sabato 18 luglio 2009

ეკა-კოკა

ეკა

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ამაზე: მე არ მიყვარს ჩემი თვალები, რადგან შესაძლოა ისინი დაბრმავდნენ; არ მიყვარს ჩემი ტუჩები, რადგან ერთ დღესაც ისინი დაჭკნებიან და სევდას მომგვრიან. არ მიყვარს ჩემი ძუძუები, რადგან შესაძლოა, მათ უკურნებელი სენი შეეყაროთ და...არ მიყვარს ჩემი მკლავები, ფეხები, თეძოები, წელი, რადგან მათ სიბერე დააუძლურებს და მე უზარმაზარ სევდას მომგვრიან. არ მიყვარს ჩემი სხეული, რადგან ის არაფერია სულის გარეშე. სული მიყვარს, გზა ღმერთისაკენ. ვინც ჩემს სხეულს შეიყვარებს, მას სიკვდილი ეყვარება, მაგრამ ვინც ჩემს სულს შეიყვარებს, მარადისობა ეყვარება. მე შენი სულიც მიყვარს. მას სულ ვგრძნობ. ნახე, რა მაგარი თქმაა: სულ ვგრძნობ, ანუ მარადისობის საგრძნობით, სულით ვგრძნობ. მე არც შენი სხეული არ მიყვარს, რადგან მე ვეტრფი სიცოცხლეს და მინდა, ღმერთთან ვიყო ახლოს, როგორც დედასთან. ახლა დედასთან მივდივარ და მიხარია, რადგან დედაჩემი სხეულით კი არა, სულით მიყვარს. მაპატიე, თუ აგაფორიაქე და საქმეს მოგწყვიტე. ამქვეყნად ბევრი არ არიან ისინი, ვისაც ჩემი ესმით. მგონი, შენ ძალიან გესმის.

კოკა (არა-sms-ური პასუხი)

ძალიან საინტერესოა. ზუსტად რომ, სულისა და ხორციელების ურთიერთმიმართების მხრივაც.
ამავე დროს, გა-ნათლ-ებ-ული და არა ბრმა სახით ღმერთისადმი მიყოლის შესახებაცაა თქმული ამ დიდი ქალბატონის ცხოვრებაში.

http://krotov.info/yakov/6_bios/48/1582_tereza_avil.htm

ჯერ მე თვითონ უნდა ჩავიკითხო, მაგრამ მაინც მოგაწვდი:

http://krotov.info/spravki/persons/16person/1542huan.html

სხვა თუ არაფერი, ადამის დაცემიდან დღესამომდე სულისა და ხორცის ჰარმონიული ურთიერთმიმართების უდიდესი მაგალითი არის თვითონ მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ისტორიის ყველაზე დიდი დედა-კაცია და ხორციელების უარყოფით კი არ ამაღლებულა ზეცაში, არამედ სწორედაც რომ, გასულიერებული ხორცით მოხდა ჩვენი შემწე დედოფლის ცაში დამკვიდრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომლის უგულვებელყოფას სავალალო შედეგებამდე და ჩიხამდე მივყავართ, რადგან მართალია, სულიერება ხორციელებაზე უზომოდ უფრო მაღლა დგას, მაგრამ მეორე პირველისთვის ღმერთამდე ასვლის „მასალაა“, როცა ხდება თვითონ ხორცის გასულიერება; ანუ ვიმყოფებით რა ცოდვითდაცემისაგან გამოწვეულ ხორციელად დამძიმებულ სამყაროში, ჩვენით ვერანაირად ვერ მივაღწევთ სულიერ სიმაღლეებს, თუკი არ გავითვალისწინებთ, არ შევიცნობთ და არ დავძლევთ ხორციელ განზომილებას. ეს კი სხვაგვარად არანაირად არ მოხდება, თუ არა სიყვარულზე დაფუძნებული გა-ნათლ-ებით, რომელიც გარკვეულ ეტაპზე გულთან თანამოღვაწე გონებასაც მოითხოვს, რათა თავისი წილი შეიტანოს ჩვენი ხსნის გზაზე. როდესაც ჩვენი მაცხოვარი, უფალი იესო ქრისტე არათუ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულს ქადაგებს, თუ იგივე შინაგანი მდგომარეობით არ განვეწყვე ყველაფრის მიმართ, რატომ უნდა იყოს რაიმე გამონაკლისი? სიყვარული არ ნიშნავს თვალის დახუჭვას, სიბრმავეს, ან რამის აუცილებლად მიღება-არმიღებას. სიყვარული ყველაფრის თავის ადგილზე დაყენებას და ყველაფრისათვის თავისი კუთვნილი სახელის რქმევას ნიშნავს. ამიტომაა სიყვარული სიბრძნეც, სინათლეც, ჭეშმარიტებაც, ჰარმონიაც, სიცოცხლეც, სიმტკიცეც, სი-კეთ-ეც და ბედნიერებაც.
ერთი კუთხიდან უკვე შეხედე ღმერთამდე მიმავალ გზაზე სულისა და ხორცის ურთიერთმიმართების საკითხს. ამბობ, რომ არ გიყვარს ხორციელების ეს და ეს, რადგან ეს და ეს მოუვათ და წარმავალნი არიან. ამიტომ, ეტრფი სულს, რადგან წარუვალია.
ახლა, შეეცადე მეორე მხრიდანაც შეხედო იგივე საკითხს. საინტერესოა, რასაც დაინახავ. მაგალითად: რომ მაინც დიდი სიყვარული გაქვს არა მარტო ხორცის ამა თუ იმ ნაწილის ჭკნობის მიუხედაობისა, არამედ ზუსტად რომ, ამ ყოველივეს გათვალისწინებითაც: და რომ ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, სული განუზომლად კიდევ უფრო მეტად გიყვარს. ეს არაა ორი უფლის სიყვარული, არამედ ორივე თვისობრიობის ერთმანეთში ჰარმონიული თანამოღვაწება და შეხამებაა, რათა უფლისაკენ მიმავალ ბილიკზე ერთ მთლიანობად იქცეს და უფრო მაღალ მდგომარეობაში გადავიდეს, გარდა-ი-ცვალ-ოს. ანუ ორივე შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ნათელი, გააზრებული სიყვარული: სიყვარული, რომელიც ყველაფერზე იმდენად მაღლა დგას, რომ თავის საოცარ ბრძმედში ნებისმიერ რამეს მზიურ პლაზმად აქცევს. იგივე ნაკლებად კეთილშობილური ლითონების კეთილშობილურ ლითონებად ქცევის ალქიმიური სიმბოლო აიღე. ჩვენ რომ უკვე ვიყოთ ოქროები, ოქროდქცევის პრობლემა არ შეგვაწუხებდა. და რადგანაც ჩვენი პიროვნების ღვთით გამზიურებამდე ბლომად სავალი გზა გვაქვს, ნაკლებად კეთილშობილური ლითონების ოქროდქცევა შემთხვევით მოვლენას არ წარმოადგენს. ამად, განა ერთ და მეორე შემთხვევაში სიყვარულის მყოფობა მეტი და უკეთესი არაა, ვიდრე ერთის სიყვარულით მეორის გამორიცხვა? მესმის, სულის სიყვარული ხორცზე მაღლდებოდეს და მატერიასაც კი წმინდა სამებასთან შერწყმის გზას ამსახურებდეს, მაგრამ ერთი გიყვარდეს და მეორეს გამორიცხავდე, მცდარად მიმაჩნია და ჩიხში შემავალად. უდიდესი წმინდა მამების გულისხმიერად ამოკითხული ცხოვრება და ნააზრევი მაძლევს ამის თქმის საშუალებას.
ვინც ხორციელებას არჩევს სულიერებას, ის საკუთარ თავს ატყუებს და ღუპავს. კიდევ უარესი, თუკი პირველი უყვარს და მეორეს გამორიცხავს.
ვინც სულიერებას არჩევს ხორციელებას და ამ უკანასკნელზე მაღლდება, მართალი ადამიანია, მაგრამ ცდება და ჩიხში შედის ის, ვინც სულიერების სიყვარულს ხორცის უგულვებელყოფაზე აფუძნებს. სულიერების სიყვარული ღმერთის ტრფიალით უნდა იწყებოდეს და არა ხორცის უგულვებელყოფით. არსობრივად სრულიად სხვა და სხვა რამეა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სული მეტია ხორცზე, რაც არ ნიშნავს ხორცის ბრმა უარყოფას, არამედ მასზე სულის ისეთ უფლობას, როცა ქვენა ბუნებაც კი მიმართულია ზებუნებრივში შერწყმისაკენ და ამ უკანასკნელამდე მისაღწევ საწვავს წარმოადგენს. ხოლო როცა საწვავი იწვის, ცეცხლი მას წურავს და ენერგიად აქცევს, რაც ერთი მატერიალური მდგომარეობიდან უფრო მაღალ მდგომარეობაში გადასვლაა. სხვათა შორის, მეცნიერულადაც საინტერესოა.
„ხორცის“ შესახებ, რომელსაც გაცილებით უფრო ღრმა სულიერი გაგება გააჩნია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, ცალკე მოგწერ კიდევ. ოღონდ ახლა-არა.
არ მინდა, გეგონოს, თითქოს, ამ ყველაფერს მიტომ გეუბნები, რომ თავი ძალიან მცოდნე მგონია. უბრალოდ, ასე ვხედავ ზემოთქმულს.
გკოცნი და გაგიმარჯოს.

Nessun commento:

Posta un commento